ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა

ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული.

ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.

დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის რეზოლუციას კი 350 დეპუტატი 91-ის წინააღმდეგ მიემხრო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა; დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას; მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დოკუმენტი დადებითად აფასებს ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი „იმ დათქმით, რომ შემდგომი ზომები იქნება მიღებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის, საპარლამენტო ზედამხვედველობის განხორციელების გაუმჯობესებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით. ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებსა და, შესაბამისად, აღნიშნავს ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, აქცენტით სამოქალაქო საზოგადოების აქტორებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობენ. მიუთითებს, მასტაბილიზებელ პოტენციურ როლზე, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში შეუძლია, შეასრულოს“.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო. კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განთავსება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეუფერხებელი წვდომა მიანიჭოს; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობები და გააფართოონ მისი მანდატი; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი დადგენილებებითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებით, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც უკანონოდ არის ოკუპირებული და რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშაა.

ასევე, დოკუმენტი მკაცრად გმობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მავრთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების ხშირ უკანონო დაკავებას და გატაცებას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს ადგილზე;

ანგარიში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გამოყენებით; მიესალმება ევროკავშირის დახმარებას საქართველოს მიმართ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში და მოუწოდებს ევროკავშირს, შემდგომშიც ჩაერთოს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში, პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიულ კომპასში, კერძოდ, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მდგრადობა კრიზისების მართვის სფეროში, ჰიბრიდული საფრთხეების აღმოფხვრასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.

დოკუმენტი მიესალმება ევროპული საბჭოს 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებას, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ; ხაზს უსვამს ამ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის შემდგომი გაზრდის აუცილებლობას მათი საჭიროებების შესაბამისად.