ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს განიხილავენ
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ დღის წესრიგშია გამოქვეყნებული. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.
ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე.
როგორც დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილშია აღნიშნული, ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას.
ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ეთანხმება ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა მწუხარებას გამოთქვამს, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო.
ამასთან, დოკუმენტში გამოთქმულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მიმართული საქართველოს პოლიტიკისადმი მხარდაჭერა. რეზოლუციის პროექტის ავტორები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შეინარჩუნონ დიალოგი რუსეთთან. დოკუმენტში მწუხარებით არის აღნიშნული, რომ კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგაც, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ევროპარლამენტის წევრები ადასტურებენ საქარველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უდრეკ მხარდაჭერას.
დოკუმენტში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავასა და საქარველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე რეაგირებისკენ რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია საქართველოს შედეგები დაბალი და საშუალო დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, რაც საქართველოს რეიტინგის კარგი მაჩვენებლით დასტურდება, თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად. ამასთან, ევროპარლამენტის წევრები აფასებენ საქართველოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას უზრუნველყონ, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი.
რეზოლუციის პროექტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშავოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სამართალდარღვევების გამოსაძიებლად. ამასთან, მიესალმებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება თურქეთის მიერ საქართველოში მცხოვრებ თურქებზე, ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე, როგორიცაა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, განხორციელებული ზეწოლის გამო. ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყურადღებით მიადევნონ თვალი აღნიშნულ საკითხს და უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო პროცედურა და ნებისმიერი ქმედება სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და „რუსთავი2“-ის საქმეები.
დოკუმენტი აღნიშნავს „თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, სარედაქციო დამოუკიდებლობის, ასევე მედიის სფეროში პლურალიზმისა მფლობელთა გამჭვირვალობის მნიშვნელობას, როგორც მთავარ დემოკრატიულ პრინციპებს“.
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 9 ოქტომბერს დაამტკიცა. ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის მიერ მომზადებულ დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი შვიდი იყო.