ევროპარლამენტში განიხილეს „ვია კარპატიის“ ახალი მონაკვეთი, რომელიც ბალტიის ზღვას საქართველოს გავლით კასპიის ზღვასთან აკავშირებს
ევროპარლამენტში განიხილეს „ვია კარპატიის“ ახალი მონაკვეთი, რომელიც ბალტიის ზღვას, საქართველოს გავლით, კასპიის ზღვასთან აკავშირებს.
გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“ (PiS), ტომაშ პორეიბამ გამართა მრგვალი მაგიდა „ვია კარპატიის“ ახალ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო დერეფანია ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე, რომელიც ბალტიის ზღვას ეგეოსის, შავ და ადრიატიკის ზღვებთან აკავშირებს.
შეხვედრას ესწრებოდა ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის კაბინეტის უფროსის მოადგილე პაბლო ფაბრეგას მარტინესი, ევროკავშირში თურქეთის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფარუკ კაიმაქჩი, ევროკავშირში აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ვაგიფ სადიგოვი, ევროკავშირში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე ბიძინა ჯავახაშვილი და პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრი, რიშარდ ზარნეცკი.
„ახლა არის შესაფერისი დრო, გავაფართოოთ სატრანსპორტო კავშირები თურქეთისა და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში კასპიის ზღვის დასაფარად. ის გახსნის პირდაპირ წვდომას თურქეთიდან და კავკასიის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) ბალტიის ზღვაზე. პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და მნიშვნელოვნად დააჩქარებს მის ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ტომაშ პორეიბამ.
თურქეთის ელჩმა, ფარუკ კაიმაქჩიმ აღნიშნა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებთან მარტივად მისვლის შესაძლებლობა მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ხელსაყრელ ბიზნეს და ინდუსტრიულ გარემოს მსხვილი კომპანიებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, ვაგიფ სადიგოვმა აღნიშნა, რომ კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის ევროკავშირთან დაკავშირება ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი უნდა გახდეს.
თავის მხრივ, საქართველოს მისიის უფროსის მოადგილემ, ბიძინა ჯავახაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მიესალმება სატრანსპორტო გეგმებს და მზად არის, ითანამშრომლოს მათ განსახორციელებლად.