ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, კატარინა ბარლის განცხადებით, ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. ევროპარლამენტის მომდევნო შემადგენლობა უფლებამოსილებას 2029 წლამდე განახორციელებს.
ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კანდიდატი აცხადებს, რომ ახლა აზრი არ აქვს კონკრეტული თარიღების დასახელებას. ბარლიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად დიდია, რომ, ამჟამინდელი წესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას და ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღება.
„ჩვენ უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა, მივიღოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე ევროკავშირის შვიდივე კრიტერიუმს სრულად ვერ დააკმაყოფილებს.