„ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ბლოკი ევროპარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებენ
„ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ბლოკი ევროპარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებენ

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ მანდატებს კარგავს, თუმცა ევროპარლამენტში კვლავ ყველაზე დიდ ბლოკად რჩება.

შედეგები აჩვენებს, რომ 751 ადგილიდან ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ბლოკს 179 მანდატი ექნება და პროევროპულ კოალიციას სწორედ ის ჩამოაყალიბებს. 2014 წლის არჩევნების შედეგებით, „ევროპის სახალხო პარტიას“ 216 ადგილი ჰქონდა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზეა „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკი, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდოდ 150 მანდატს მიიღებს. 2014 წელს „სოციალისტებს და დემოკრატებს“ 191 ადგილი ჰქონდათ.

მესამე ადგილზეა ლიბერალური ჯგუფი „ალდე“, რომელიც ამ დროისთვის ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 107 ადგილს იღებს.

არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და პოზიციები გაიუმჯობესეს მწვანეებმა, რომლებსაც წინა არჩევნებში 50 ადგილი ჰქონდათ, ახლა კი 70 მანდატს მიიღებენ.

ამგვარად, „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკი კოალიციის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებენ.

ანალიტიკოსების პროგნოზით, „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტების და დემოკრატების“ ბლოკი კოალიციას, ლიბერალებისა და მწვანეების დახმარებით შექმნიან.

„ბოლო 40 წელიწადში პირველად, ორ კლასიკურ პარტიას, სოციალისტებს და კონსერვატორებს უმრავლესობა აღარ ექნებათ. ნათელია, რომ ეს ისტორიული მომენტია, რადგან ევროკავშირის პარლამენტში ძალაუფლების ახალი ბალანსი იქნება“, –  განაცხადა „ალდეს“-ს ლიდერმა, გი ვერჰოფშტადტმა.

არჩევნებში აქტივობა 51 პროცენტი იყო, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია.