ევროპამ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა — #1tvმეცნიერება
01:37, 02.07.2023
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსური ხომალდი „ევკლიდე“ SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ ფლორიდის შტატის კანავერალის კონცხის გამშვები სადგურიდან წარმატებით გაიტანა კოსმოსში. ასე დაიწყო ამბიციური მისია, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს სამყაროს ორი იდუმალი კომპონენტის ბუნებას: ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის, რაც დაგვეხმარება, პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვას — რისგან შედგება სამყარო?
გაშვებისა და რაკეტისგან განცალკევების შემდეგ, ESA-ს კოსმოსური ოპერაციების ევროპულმა ცენტრმა გერმანიაში, დაადასტურა „ევკლიდესგან“ სიგნალის მიღება ავსტრალიის სადგურის მიერ.
„ევკლიდეს წარმატებული გაშვებით იწყება ახალი სამეცნიერო ძალისხმევა, რომელმაც უნდა გვაპოვნინოს პასუხი თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულ კითხვებზე. მისია შესაძლებელი გახადა ESA-ს ხელმძღვანელობამ, ასობით ევროპულმა სამრეწველო და სამეცნიერო ინსტიტუციამ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობამ. კოსმოსის შესახებ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გაცემა ის არის, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს; და ხშირად, სწორედ ეს წარმართავს სამეცნიერო პროგრესს და მძლავრი, მოწინავე ახალი ტექნოლოგიების შექმნას. ESA მოწოდებულია, რათა გააფართოოს ევროპის ამბიციები და წარმატება კოსმოსში მომავალი თაობებისთვის“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი იოზეფ აშბახერი.
ბნელი სამყაროს კვლევა
„ევკლიდე“ დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წლის რადიუსში დააკვირდება მილიარდობით გალაქტიკას, რათა შექმნას სამყაროს ყველაზე ზუსტი 3D რუკა, რომელშიც მესამე განზომილების სახით თავად დრო იქნება წარმოდგენილი. გალაქტიკების ფორმის, პოზიციებისა და მოძრაობის დეტალური სქემა გამოავლენს, როგორ არის მატერია გადანაწილებული სამყაროს უსასრულო მანძილებში და როგორ განვითარდა სამყაროს გაფართოება კოსმოსური ისტორიის განმავლობაში; ეს კი ასტრონომებს ბნელი ენერგიისა და მატერიის თვისებების შესწავლის საშუალებას მისცემს. თეორეტიკოსები გაიუმჯობესებენ გაგებას გრავიტაციის როლის შესახებ და ბევრს შეიტყობენ ამ იდუმალ ერთეულთა ბუნების შესახებ.
„თუ გვსურს, გავიგოთ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, საჭიროა ნათელი მოვფინოთ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის ბუნებას, გავიგოთ ის როლი, რომელსაც ისინი სამყაროს ჩამოყალიბებაში ასრულებენ. ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ევკლიდე ექსტრაგალაქტიკური ცის ყველაზე დეტალურ რუკას შექმნის. ეს შეუფასებელი მონაცემები სამეცნიერო საზოგადოებას ასტრონომიის მრავალი სხვა ასპექტის შესწავლის საშუალებასაც მისცემს“, — ამბობს ESA-ს სამეცნიერო დირექტორი კაროლ მუნდელი.
თავის სამეცნიერო მიზნის მისაღწევად, „ევკლიდე“ აღჭურვილია 1,2-მეტრიანი რეფლექტორი ტელესკოპით, რომელიც ორ ინოვაციურ სამეცნიერო ინსტრუმენტს კვებავს: VIS-ს, რომელიც ცის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე იღებს ძლიერ მკვეთრ სურათებს და NISP-ს, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს გალაქტიკათა ინფრაწითელი სინათლე ტალღის სიგრძის მეშვეობით, რათა ზუსტად განსაზღვროს მათამდე მანძილი.
კოსმოსურ ხომალდს და კომუნიკაციებს ESA-ს კოსმოსური ოპერაციების ევროპული ცენტრი (ESOC) გააკონტროლებს. „ევკლიდეს“ მიერ გამოგზავნილი დიდი ოდენობით მონაცემის მისაღებად, ESA-მ განაახლა ღრმა კოსმოსის ანტენები. ამ მონაცემების ანალიზს Euclid Consortium-ი ჩაატარებს — ევროპის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის 300 სხვადასხვა ინსტიტუციის 2000-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი.
გზა ლაგრანჟის მე-2 წერტილისკენ
მომდევნო ოთხ კვირაში, „ევკლიდე“ მზე-დედამიწის ლაგრანჟის მე-2 წერტილისკენ ივლის — მზე-დედამიწის სისტემის წონასწორობის წერტილისკენ, რომელიც ჩვენგან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს (დაახლოებით ოთხჯერ შორს, ვიდრე მთვარე) მზისგან საპირისპირო მხარეს. „ევკლიდე“ ამ წერტილის გარშემო ორბიტაზე მანევრებს ჩაატარებს და მისიის კონტროლიორები დაიწყებენ აქტივობებს, რათა ხომალდის ფუნქციონირებაში დარწმუნდნენ; შეამოწმებენ ტელესკოპს და ბოლოს ჩართავენ სამეცნიერო ინსტრუმენტებს.
ამის შემდეგ, მეცნიერები და ინჟინრები სამეცნიერო ინსტრუმენტთა ორთვიან ტესტირებისა და კალიბრაციის ფაზას დაიწყებენ, რათა ხომალდი დაკვირვებათა რუტინისთვის მოამზადონ. ექვსი წლის განმავლობაში, „ევკლიდე“ ცის ერთ-მეექვსედს უპრეცედენტო სიზუსტითა და მგრძნობელობით აღრიცხავს.
ხომალდს სახელი ძველბერძენი მათემატიკოსის, ევკლიდეს პატივსაცემად უწოდებენ, რომელსაც ხშირად „გეომეტრიის მამადაც“ მოიაზრებენ.