„ევრონიუსი“ - რუსეთის ხელისუფლება კრემლის მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნისა და მის მოკავშირეებზე ზეწოლას აძლიერებს
„ევრონიუსი“ - რუსეთის ხელისუფლება კრემლის მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნისა და მის მოკავშირეებზე ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის ხელისუფლება კრემლის მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნისა და მის მოკავშირეებზე ზეწოლას აძლიერებს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, 26 დეკემბერს რუსი ოპოზიციონერის ოფისებში რეიდები ჩატარდა. ერთი დღით ადრე კი ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მოკავშირე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მსახურისთვის იძულებით გაგზავნეს.

ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისში რეიდის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა კომპიუტერები და სხვა ნივთები წაიღეს.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, რეიდის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამასთან, სამი თვის განმავლობაში პირველად, ფონდის საბანკო ანგარიში დაიბლოკა. სწორედ აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე იღებს ორგანიზაცია შეწირულ თანხას.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ, ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების ვერსიით, ფონდის თანამშრომლებს თანხა დანაშაულებრივი გზით აქვთ მოპოვებული. თავდაპირველად საქმეში მილიარდი რუბლის ოდენობის თანხა ფიგურირებდა, თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ განაცხადა, რომ საუბარია 75 მილიონ რუბლზე.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ რეიდის დროს რუსი ოპოზიციონერი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ალექსეი ნავალნიმ აღნიშნული ინფორმაცია თავად უარყო.