იტალიის მმართველი კოალიცია დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება.
მატეო რენციმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პარტია, „იტალია ვივა“ სამთავრობო მართვიდან გავიდა. ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს.
მედია წერს, რომ სამთავრობო კოალიციის დაშლამ, ევროპის მასშტაბით პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ახალ პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. მატეო რენცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასჯანსაღებლად.
იტალია ევროკავშირის 750 მილაირდი ევროს სტიმულირების პაკეტიდან, მეოთხედზე მეტს მიიღებს. მედიის ცნობით, რენცის სურდა, ქვეყანას გამოეყენებინა „ევროპის სტაბილურობის მექანიზმი“, რომელიც წევრი ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯებს იაფი სესხებით აფინანებს.
ჯუზეპე კონტე ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ვალების ზრდას გამოიწვევს. ევროკავშირის მასშტაბით იტალიას საბერძნეთის შემდეგ ყველაზე დიდი სამთავრობო ვალი აქვს.