ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია, დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.
„ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა საფრთხეების დეტალური შეფასების გარეშე ამოქმედდა. კერძოდ, ასეთ საფრთხეებად დასახელებულია პლატფორმაზე დამოკიდებულების ზრდა.
ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითს“ აპლიკაციის რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა 17 აპრილს მოსთხოვა, თუმცა კომპანიამ ის დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ახლა „ტიკ-ტოკს“ ამ დოკუმენტის წარდგენისთვის ვადა 3 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისიას პლატფორმის დაჯარიმება ან „ტიკ-ტოკ ლაითის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვა შეუძლია.
„ტიკ-ტოკის“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო და ამტკიცებენ, რომ დაჯილდოების სისტემა არ არის ხელმისაწვდომი 18 წლამდე პირებისთვის.