ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის, აკრძალვის მიუხედავად, „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს
ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის, აკრძალვის მიუხედავად, „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აკრძალა მისი გამოყენება ფედერალურ მოწყობილობებზე.

პრეზიდენტის თანაშემწეები ამბობენ, რომ ბაიდენი პირადად არ დარეგისტრირდება „ტიკ-ტოკზე“, არც მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები. არსებობს ანგარიში BidenHQ რომელსაც ბაიდენის გუნდი მართავს, ისინი ამ გზით შეეცდებიან, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამერიკელების გულის მოგებას.

პირველ „ტიკ-ტოკ“ პოსტში ბაიდენი „სუპერ ბოულის“ შესახებ საუბრობს.

ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი უსაფრთხოების ზომებს იცავენ, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა ზომებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, 2022 წელს ბაიდენმა ფედერალური მთავრობის თითქმის ოთხ მილიონ თანამშრომელს „ტიკ-ტოკის“ გამოყენება იმ მოწყობილობებით, რომლებიც ფედერალური სამსახურების ბალანსზე იყო, აუკრძალა. ამის მიზეზად კი მაშინ უსაფრთხოების ზომები დასახელდა.