ევროკომისია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გრანტს გამოყოფს. გრანტის ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ხანძრის შედეგად ისტორიულ ტაძრისთვის მიყენებულ ზარალს ბოლომდე დაითვლიან. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსამსახურში გააკეთეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 10 მილიონს გამოყოფს ილ დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელობაც. ამის შესახებ განცხადება რეგიონის საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფს ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.