ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დიალოგის მე-13 რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დიალოგის მე-13 რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეცამეტე რაუნდი ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა. დიალოგის ფარგლებში, 2019 წლის მაისში წინა დიალოგის შემდეგ განვითარებული მოვლენების განხილვისას, ისევე როგორც აქამდე, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მიერ ამ სფეროში სტაბილური წინსვლისთვის განხორციელებული ძალისხმევის შესახებ; საუბარი ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე მიმართული ევროკავშირის პოლიტიკის ბოლოდროინდელ მოვლენებს შეეხო.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნისდა მიუხედავად. ევროკავშირი და საქართველო მიესალმნენ წინსვლას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და აღიარეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი განსაკუთრებული გამოწვევები.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე, გამოთქვა შეშფოთება საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რაც არსებითად ეთნიკურ ქართველებს ეხება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის (რაც ჯანდაცვისა და სხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას მოიცავს), თვითნებური დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების მიმართებაში, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში.

ევროკავშირმა და საქართველომ კვლავ დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები შედეგების საჭიროებას კონფლიქტით დაზარალებულთა უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვრის 2019 წლის სექტემბრიდან სრული დახურვის გამო, რამაც ახალგორის რაიონში კრიტიკული ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დაუსჯელობის დასრულების აუცილებლობა საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და საქართველომ ყურადღება გაამახვილეს საჭიროებაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), უნდა მიეცეს საქართველოს ორივე რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა. ევროკავშირმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედთან მიმართებაში, მათი ახლობლებისთვის შვების მოტანის მიზნით ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა კვლავ გამოხატა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და მისი განხორციელება დადებითად შეაფასა.

ევროკავშირი მიესალმა პარლამენტის მიერ 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რაც ჩამოაყალიბებს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ხელს შეუწყობს საპარლამენტო პლურალიზმს. ევროკავშირმა აღნიშნა ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე დაფუძნებული ამბიციური საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფართო საპარლამენტო მხარდაჭერით მიღებისა და მისი დროული და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა. ორივე მხარე თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნების, როგორც არჩევნების დემოკატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობის მნიშვნელობაზე შეთანხმდა, მათ შორის, მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. მხარეები ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ, და ყველასთვის მათი დაცვის ვალდებულება აიღეს.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ წინსვლას და მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს ძალისხმევა პოლიტიკაში, ისევე როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელების გაგრძელებასა და პოლიტიკური ჩარჩოს გაძლიერებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში რეალური სარგებლის მოსატანად კანონმდებლობა განავითაროს და კოორდინირებული ძალისხმევა მიმართოს.

ევროკავშირმა აღნიშნა წინსვლა, რომელიც მიღწეული იყო ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობის, სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიებების უზრუნველყოფის სფეროებში. ევროკავშირმა ყველას შეახსენა სტამბოლის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა.

ევროკავშირმა ყველას შეახსენა საქართველოს ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოუწოდა საქართველოს გააგრძელოს სამოქალაქო საზოგადოების აზრის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ინტეგრირება. სახალხო დამცველის აპარატისა და ახალი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ღირებული მიმდინარე სამუშაოები და დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების მნიშვნელოვანი როლი მთავრობების ანგარიშვალდებულებასთან, კანონების შექმნასთან და პოლიტიკის დასახვასთან დაკავშირებით ასევე იყო განხილული.

ევროკავშირი მიესალმა წინსვლას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ეკონომიკის ყველა სექტორში განხორციელებასთან დაკავშირებით და კვლავ მოუწოდა ძალისხმევისკენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია სრულფასოვანი გახდეს. ევროკავშირი მიესალმება ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას და წინსვლას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან მიმართებაში, როგორც აუცილებელ ძალისხმევას მოწყვლად და უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა დასაცავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას.

ევროკავშირმა აღნიშნა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხის პრიორიტეტულობა და საქართველოს მიმდინარე წინსვლა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების სფეროში მიმდინარე რეფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების დროს ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას. ევროკავშირი ელოდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის და წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტის ანგარიშში ასახული ყველა რეკომენდაციის უწყვეტ შესრულებას.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვისა და განვითარებისათვის ეროვნული პოლიტიკის მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზების მოძიებას და მულტილატერალიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს. ევროკავშირი ასვე მიესალმა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ინიციატივაში “სამაგალითო ისტორიები ადამიანის უფლებათა შესახებ” (Good Human Rights Stories). ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასამართი შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს ითვალისწინებს, ევროკავშირი ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ღირებულ წვლილს დაეყრდნო.

დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი რიჩარდ ტიბელსი. დიალოგი გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის პირველ ივლისის შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ დიალოგის შემდეგი რაუნდის ჩატარება 2021 წელს თბილისში არის დაგეგმილი.