ედგარს რინკევიჩსი - ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა
ედგარს რინკევიჩსი - ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა

ევროკავშირმა უნდა აღიაროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები და დაასახელოს რეალისტური ვადა, როდის შეძლებენ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრობის მიღებას.  როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის დროს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

„უნდა ვაღიაროთ ის, რაც აშკარაა – ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ნებაყოფლობით აირჩიეს ევროპული გზა. ისინი ისწრაფიან ევროკავშირის წევრობისკენ და მზად არიან, ამ გზით იარონ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი ამ მისწრაფებებზე. ევროკავშირმა უნდა აღიაროს ამ ქვეყნების წევრობის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, ევროკავშირი ერთიანი იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხში და ჰქონდეს ერთიანი პოზიცია აშშ-სთან დიალოგის დროს. მან ევროკავშირისთვის ერთ-ერთ გამოწვევად „ბრექსითი“ დაასახელა.

„ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დიდი ბრიტანეთი შეინარჩუნოს რაც შეიძლება ახლოს ევროპასთან. ეს ამოცანა უახლოეს პერსპექტივაში საკვანძო უნდა იყოს“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.

ევროპისთვის კიდევ ერთ რისკად მინისტრმა ევროპარლამენტის არჩევნები დაასახელა.

„ჩვენ ვხედავთ ევროკავშირით იმედგაცრუებას და ეს შეიძლება აისახოს ამ კენჭისყრაში. ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ახლავე უნდა წავახალისოთ მოქალაქეები, წავიდნენ არჩევნებზე, რომ ევროკავშირის კრიტიკოსებმა ვერ გაიმარჯვონ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.