ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის გაფართოებასა და ბალკანეთის ქვეყნების მომავალზე იმსჯელეს
ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის გაფართოებასა და ბალკანეთის ქვეყნების მომავალზე იმსჯელეს

ევროკავშირის ექსპერტებმა და დიპლომატებმა რუს კოლეგებთან ერთად ევროკავშირის გაფართოებაზე და ბალკანეთის ქვეყნების მომავალზე იმსჯელეს. ექსპერტების გარდა, შეხვედრას ევროკავშირის საგარეო მოქმედებათა სამსახურის დასავლეთ ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელი ედუარდი აუერი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის საგარეო უწყების თანამშრომელი აირი ალაკივი დაესწრნენ. რუსეთს შეხვედრაზე ელჩი ალექსანდრ ბოტსან-ხარჩენკო წარმოადგენდა.

ევროკავშირის და რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შედგა საინტერესო და კონსტრუქციული დიალოგი. ექსპერტებმა დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარება, რეგიონის ქვეყნებთან ორგანიზაციის ურთიერთობები, მათი ევროპული მომავალი და ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკებები დეტალურად განიხილეს.

ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მისი მანდატის დროს არ გაფართოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციაში ახალი წევრი მინიმუმ 2019 წლამდე ვერ შევა. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტმაც და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმაც განაცხადეს, რომ ორგანიზაციის კარი ღია და ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან წარმატებით დაასრულოს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვს 5 ქვეყანას. კანდიდატი ქვეყნები არიან: ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი. პოტენციური კანდიდატები არიან: ბოსნია–ჰერცოგოვინა და კოსოვო.

ევროკავშირმა კოსოვოსა და ბოსნია–ჰერცოგოვინას წევრობის პერსპექტივა მისცა. მზადყოფნის შემთხვევაში, ორგანიზაცია მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყნებიდან, ევროკავშირს წევრობის შესახებ მოლაპარაკება დაწყებული აქვს მონტენეგროსთან, სერბეთთან და თურქეთთან.

ალბანეთი დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაციის პოტენციურ კანდიდატად სალონიკის ევროპული საბჭოს სამიტზე დასახელდა. 2003 წელს ბალკანეთის ქვეყნებმა ევროპული პერსპექტივა მიიღეს. პოტენციურ კანდიდატად დასახელებიდან 6 წლის შემდეგ, ალბანეთმა ორგანიზაციის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. 2012 წელს ევროკომისიამ მოამზადა ანგარიში და რეკომენდაციები. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ალბანეთი ორგაზანიზაციის კანდიდატობისთვის მზად იყო. 2014 წელს ალბანეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მაკედონიამ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2004 წელს გააკეთა და 2005 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღო. 2009 წელს კომისიამ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია გასცა.

2008 წელს გააკეთა ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი მონტენეგრომ. ევროკავშირსა და მონტენეგროს შორის მოლაპარაკებები 2012 წლის 29 ივნისს გაიხსნა.

2008 წელს მიიღო წევრობის პერსპექტივა სერბეთმაც. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადი 2009 წელს გააკეთა. 2012 წლიდან სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

ევროკავშირმა ახალი წევრი 2013 წლის პირველ ივლისს მიიღო და ორგანიზაციის 28-ე წევრი ხორვატია გახდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკავშირის და რუსეთის ექსპერტები ორგანიზაციის გაფართოებაზე მსჯელობენ. ეს საკითხი ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის საკითხების განსახილველად შექმნილმა ჯგუფმა 2016 წლის 9 ივნისსაც განიხილა. შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ შედგა საფუძვლიანი და კონსტრუქციული საუბარი. იმსჯელეს ორგანიზაციის შემდგომ გაფართოებაზე, კანდიდატების და პოტენციური კანდიდატების ურთიერთობებზე რუსეთის ფედერაციასთან, უსაფრთხოების საკითხებზე და მიგრაციის კრიზისზე.

ევროკავშირისა და რუსი ექსპერტების პირველი შეხვედრა 2016 წელს მოსკოვში გაიმართა. ევროკავშირში განმარტეს, რომ ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რუსეთის და ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ახალი ინსტრუმენტი. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ევროკავშირისა და რუსი ექსპერტების ქსელი შეხვედრებს წელიწადში რამდენჯერმე მართავს. მხარეები თემებს აქტუალურობის მიხედვით წინასწარ ათანხმებენ. ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროგაერთიანებისა და რუსი ექსპერტების ქსელი მოქნილი მექანიზმია, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გაფართოვდეს. ექსპერტების დონეზე ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე რუსეთთან საუბრის მიზანია, რომ დეტალური ინფორმაციის მიწოდებით მოიხსნას ის კითხვები, რომლებიც  ევროკავშირის ინიციატივებზე და გეგმებზე რუსეთს აქვს. მაგალითად, 2017 წლის 2-3 თებერვალს 30-მდე ექსპერტმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობები განიხილეს. 23-24 ნოემბერს ექსპერტების ორდღიან შეხვედრას ბერლინმა უმასპინძლა და ანალიტიკოსებმა ევროკავშირი-ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობებზე იმსჯელეს.

„ჩინეთიც და რუსეთიც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. გვაკავშირებს ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივი ფორმატები. ვისაუბრეთ ჩინეთის როლზე გლობალურ პოლიტიკაში, ეკონომიკურ კავშირებზე და პერსპექტივებზე“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის ელჩმა მარკუს ედერერმა.