ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლების პროექტის დასრულების შემაჯამებელ კონფერენციას უმასპინძლებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის I („დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“) პლატფორმის საზღვრის ინტეგრირებული მართვის საფლაგმანო ინიციატივის საპილოტე პროექტი – „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ სამწლიანი პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, ევროკავშირთან (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განახორციელეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მიხეილ დუნდუა, აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯავად გასიმოვი, ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში კესტუტის იანკაუსკასი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი აზერბაიჯანში გულამ ისჰაგზაი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები წითელ ხიდზე გაემგზავრებიან და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურას – სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილ პუნქტს საქართველოს მხარეს და ახალ საბაჟო ტერმინალს აზერბაიჯანის მხარეს დაათვალიერებენ.

ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი 6.5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სრულადაა აღჭურვილი სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის განსახორციელებლად.

ამასთან, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, საქართველოს სასაზღვრო სისტემების შეფასება განხორციელდა. შეიქმნა ახალი თანამედროვე სასწავლო სისტემა საზღვრის მართვის უწყებების თანამშრომლებისათვის, ხოლო შემოსავლების სამსახურისა საბაჟო დეპარტამენტის 300-ზე მეტმა თანამშრომელმა საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის აზერბაიჯანის მონაკვეთზეც.

წითელი ხიდის პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო: ღია და დაცული საზღვრის პრინციპების დანერგვა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების განვითარება, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეწყობა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 2.6 მილონი ევრო შეადგინა. აქედან 2,128,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო დარჩენილი თანხა კი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარი თანამონაწილეობით შეივსო.
პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტთან თანამშრომლობით განახორციელეს.