პროექტის, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საგაკვეთილო პროცესში დებატების საგნის სწავლება დაინერგა
პროექტის, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საგაკვეთილო პროცესში დებატების საგნის სწავლება დაინერგა

პროექტის, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მიმდინარე სასწავლო წელს პირველად დაინერგა დებატების საგნის სწავლება. ინფორმაციას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე წარმატებულად გაიარა მონიტორინგი დებატებმა, როგორც არჩევითმა საგანმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის განმარტებით, სასწავლო საგნის დანერგვისთვის პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოდან შეირჩა 20 ყველაზე მოტივირებული და წარმატებული დებატკლუბის ხელმძღვანელი, რომლებმაც, გადამზადების შედეგად, აქტიურად დაიწყეს დებატების, როგორც არჩევითი საგნის, სწავლება.

როგორც აღინიშნა, პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

„დებატების, როგორც საგნის სწავლების პროცესში ყოველკვირეულად ტარდება მეცადინეობები, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, სისტემატურად ტარდება დებატების გაკვეთილების სუპერვიზირება/მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების მუდმივ განვითარებასა და საგნის წარმატებულად სწავლებას.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა“, – აცხადებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტში.