ევროკავშირის სამიტზე იტალიამ გაერთიანების მიერ მიღებული საერთო დოკუმენტი დაბლოკა. მიზეზი საიმიგრაციო საკითხში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არსებულ კენჭისყრაში პრიორიტეტის მინიჭებას ითხოვს, რადგან მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ აღნიშნულ სახელმწიფოზე მოდის.
იტალიის მიერ დაბლოკილი დოკუმენტი ვაჭრობას ეხება და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფების კრიტიკას შეიცავს. დოკუმენტი მხარს უჭერს ვაშინგტონის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას.
ჯუზეპე კონტეს განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც გაერთიანების 28 წევრი სახელმწიფო საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმდებიან.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, სამიტის შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია რამდენიმე საათით გადაიდო. ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა Reuters-ი პრესკონფერენციის გადადებას მოლაპარაკებების დროს საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებით არსებულ შეუთანხმებლობას უკავშირებს.