ევროკავშირის სამიტამდე იტალია საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ულტიმატუმს უყენებს
ევროკავშირის სამიტამდე იტალია საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ულტიმატუმს უყენებს

ევროკავშირის სამიტამდე იტალია საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ულტიმატუმს უყენებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის განცხადებით, თუ 23 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე იტალიისთვის დახმარების გაწევა პრიორიტეტი არ იქნება, ოფიციალური რომი ევროკავშირის საიმიგრაციო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

იტალია აფრიკელი მიგრანტებისთვის ხმელთაშუა ზღვის გავლით მთავარი დანიშნულების პუნქტია. ლიბიაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მარშრუტს სულ უფრო მეტი აფრიკელი გადის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტალიას თავი 600 ათასმა ლიბიელმა შეაფარა.

ევროკავშირის წევრი 10 სახელმწიფო 23 ივნისს ბრიუსელში საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. საიმიგრაციო კრიზისის ფონზე ცენტრალური ევროპის ოთხი სახელმწიფო ევროკავშირის პოლიტიკას არ ემხრობა. ვიშეგრადული ჯგუფის წევრი სახელმწიფოები, პოლონეთი, ჩეხეთი სლოვაკეთი და უნგრეთი იტალიასა და საბერძნეთში ჩასული მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 23 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებს ბოიკოტი შესაძლოა, იტალიამაც გამოუცხადოს.