ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - კატეგორიულად უარვყოფთ სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულ ცრუ ცნობებს, რომლებიც მისიის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია
20 მაისს სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 26 აპრილს, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ „საქართველოდან კოვიდინფექციის შეტანა მათ უსაფრთხოებას ემუქრება“. განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გააკეთეს. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საფრთხეს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია“.
„ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ცდილობენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან ბიოლოგიური მასალის მიღებას“, – განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში. საოკუპაციო რეჟიმის წევრები ასევე ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააფიქსირეს „ქართული კერძო კლინიკის ავტომობილები“.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, „კლინიკის ავტომობილებს“ თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
„ადგილზე მივიდნენ უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები და მათი გამოჩენის შემდეგ, ევროპის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა და ქართველმა ექიმებმა სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია. ე.წ. უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს მოქალქეებს არ დათანხდნენ ქართული მხარის წინადადებას და არ მიიღონ მონაწილეობა რაიმე სახის სამედიცინო კვლევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კატეგორიულად უარვყოფთ რა ცრუ ცნობებს, რომლებიც მისიის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია, ჩვენ ვაცხადებთ:
26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებებს „პირადი მანქანების“ შესახებ, რომლებიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე, როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები.
სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია“, – აღნიშნავენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
მათი თქმით, 26 აპრილს ტერიტორიაზე რამე საიდუმლო მოძრაობა, რომელიმე მოქალაქესთან კონტაქტი ან რამე ნიმუშის შეგროვება არ მომხდარა.
„სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არც ერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუშების შეგროვება არ მომხდარა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის, კოვიდპანდემიის დროს.
ყველა მხარემ , მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
მათივე თქმით, მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას და მისი მიდგომა არის მიუკერძიებელი.
„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.