ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში 23 ივლისს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 120-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 120-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთო-ს თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები ჩაერთნენ აქტიურ კონსტრუქციულ დიალოგში, განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ, ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები, როგორც მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ასევე უსაფრთხოების ვითარება ადგილზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ გამოხატეს შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. თანათავმჯდომარეებმა ასევე გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული თავიანთი მოწოდება, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის ხელშემწყობი იქნება.

თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს შესაბამისი სამუშაოების შემდგომი წინსვლის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ზაფხულის მშრალ თვეებში. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობა ზუსტი ინფორმაციის დროული გაცვლის ხელშესაწყობად“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განმარტებით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამართვაზე.