ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა. ირაკლი ანთაძის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის სამი ფაქტი დაფიქსირდა. წინა შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების, კნოლევის, ზარდიაანთკარისა და დვანის მიმდებარედ განახორციელეს.

ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

„ჩვენ დავინტერესდით, რა ნაბიჯებია გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდება სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რომ ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, ამაზე შედგა ვრცელი დისკუსია. ჩვენ მიერ დასახელდა ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი და აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას.

კვლავ პატიმრობაში რჩება ჩვენი ექვსი თანამოქალაქე. ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს ყველას უპირობოდ გათავისუფლება. დაკავებულების უმეტესობას მისჯილი აქვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ერთი მათგანის საქმე დაბრუნებულია ხელახალი გამოძიების მიზნით და ერთ მათგანს, ხეთერელს მისჯილი აქვს ერთი წელი და სამი თვე. ჩვენ ასევე განვიხილეთ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების კონტექსში თავისუფალი გადაადგილება. აგრეთვე, გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული, რა დროსაც უფრო მწვავდება გადაადგილების პრობლემა. ამ საკითხებზე ჩვენ ვიქნებით პერმანენტულ კონტაქტზე, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 16 მაისს გაიმართება.