ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების თანამდებობების გაერთიანებას მხარი არ დაუჭირეს
ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების თანამდებობების გაერთიანებას მხარი არ დაუჭირეს

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების თანამდებობების გაერთიანების იდეას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის სამიტზე განხილული ინიციატივა ევროკომისიის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჟან-კლოდ იუნკერის წინადადების თანახმად, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტების პოსტების შერწყმა მოქმედი მანდატების ამოწურვის შემდეგ უნდა მომხდარიყო. იუნკერი ამტკიცებდა, რომ ერთი ადამიანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირი უფრო აღქმადი იქნებოდა.

„ჩვენ არ გვაქვს ამ ინიციატივის მხარდაჭერის განწყობა“ – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიტანეთის გასვლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, კავშირის წევრების უმრავლესობა მზად არის, ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანების რაოდენობა გაზარდოს.

ევროკავშირმა ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროპარლამენტარების რაოდენობის შემცირებას დაუჭირა მხარი.

„ლიდერებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ ნაკლები ქვეყანა ნიშნავს ნაკლებ ადგილებს. შემადგენლობა 751-დან 705-მდე შემცირდება“ – თქვა ტუსკმა.