ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე 14 დეკემბერს იმსჯელებენ
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე 14 დეკემბერს იმსჯელებენ.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პრეზიდენტები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში იკრიბებიან.
ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები სამიტზე განსახილველი თემების ნაწილია. წინასწარ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ ორგანიზაციის სანქციები ძალაში დარჩება.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციების მოსახსნელად ან შესასუსტებლად მიზეზი არ არსებობს. სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ რუსეთის ფედერაცია მინსკის შეთანხმებას შეასრულებს- ასეთია ევროკავშირის პირობა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამიტზე ლიდერები მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციის თაობაზე გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ანგარიშსაც მოისმენენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში დააწესა და მას შემდეგ, ლიდერები წელიწადში ორჯერ სანქციების გახანგრძლივების შესახებ მსჯელობენ.