ევროკავშირი ირანს ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ იარაღის გამოყენება და დატოვონ სივრცე დიალოგისთვის.
„მოვუწოდებთ, გაკეთდეს ყველაფერი, რათა აღდგეს დიალოგი. აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმაც.
„ერაყში ამერიკისა და კოალიციის ძალების ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა სიტუაციის ესკალაციის კიდევ ერთი მაგალითია“, – განაცხადა ბორელმა.
ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები გაუშვეს აინ ალ-ასადის ავიაბაზისა და ერბილის აეროპორტის მიმართულებით. ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.