ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების გზები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეტი ეფექტურობის მნიშვნელობას.

ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის გამო, ასევე ახალგორსა და სოხუმში ე.წ საბაჟო პუნქტების გახსნასა და ცხინვალის რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებულ “რეფერენდუმთან” დაკავშირებით.

სხდომაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან უსაფრთხოების თემაზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.