ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინების მიწოდებაზე ერთად იმუშავებენ
ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად ერთად იმუშავებენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელებული პროექტი „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მიწოდებისა და ვაქცინაციის მხარდაჭერის ყველა ფაზას მოიცავს. პროექტი ასევე იქნება მსხვილი ინვესტიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში გეგმური იმუნიზაციის სისტემების გაძლიერების კუთხით.
ეს ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონში ერთობლივად განხორციელებული უმსხვილესი პროექტი იქნება, რომლის საერთო ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო იქნება. ის დაემატება უკვე მიმდინარე ან დაგეგმილ პროგრამებს, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქსის პროგრამა და ევროკავშირის გაზიარების მექანიზმი, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყოს. პროექტი სამწლიანია.
„წარმატებული ვაქცინაციისთვის საჭიროა ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ვაქცინის შემუშავება და გავრცელება. ეს კომპლექსური ინიციატივა, რომელსაც გულუხვად უჭერს მხარეს ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კარგად იყვნენ მომზადებულები, ჰქონდეთ იმუნიზაციის სისტემები, ხოლო პერსონალი მომზადებული იყოს, მიაწოდოს „კოიდ-19“-ის საწინააღმდეგო ძვირფასი ვაქცინები მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს. სამუშაო ამით არ სრულდება. ვაქცინების გავრცელებისა და უსაფრთხოების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მოსახლეობაში ვაქცინების გავრცელების პარალელურად. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა, დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ამ რთული პროცესის მიღმა. მადლობას ვუხდი ევროკავშირს ამ პანდემიის შესაჩერებლად ჩვენთან მუშაობის სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, თავდაპირველად თანხა მოხმარდება ექვს ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მომზადებისა და მზადყოფნის ფაზაზე, კერძოდ დაგეგმვაზე, აღჭურვილობაზე, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების მომზადებაზე და საინფორმაციო კამპანიებზე. ამის შემდეგ დაიწყება ვაქცინების მიწოდებისა და მათი გავრცელების მონიტორინგის მხარდაჭერა.