„ევროაქტივი“ - ბელგიის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა
ბელგიის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, DDoS ტიპის კიბერთავდასხმა განხორციელდა ინტერნეტ ქსელ „ბელნეტზე“, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრსა და საჯარო ადმინისტრაციებს ემსახურება.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნე 200-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა. კიბერთავდასხმის შედეგად დაზიანდა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ცენტრების სარეგისტრაციო სისტემაც, თუმცა სისტემის მუშაობის განახლება დროულად მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ კიბერშეტევის გამო, საპარლამენტო კომიტეტის რამდენიმე სხდომა გადაიდო. მათ შორის იყო საგარეო კომიტეტში დაგეგემილი უპრეცედენტო მოსმენა, რომელზეც, მედიის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ, ეთნიკური უმცირესობა უიღურების წარმომადგენლეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების საკითხი უნდა განეხილათ.
ბელგიელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, კიბერშეტევა ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული. ამ ინფორმაციას სამართალდამცველები ჯერ არ ადასტურებენ.