ევრო 2024 | გახსნით მატჩში საკუთარ მოედანზე თამაში დიდი წნეხია - გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ნაგელსმანი ისტორიაში შევიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გაიხსნა. გერმანიის ნაკრებმა 5:1 დაამარცხა შოტლანდია.
ამ შეხვედრაში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი მწვრთნელ იულიან ნაგელსმანსა და მეკარე მანუელ ნიერს უკავშირდება. პირველი 36 წლისაა, მეორე – 38-ის. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში კი პირველი შემთხვევაა, როდესაც მწვრთნელმა მოედანზე თავისზე უფროსი ფეხბურთელი გამოუშვა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნაგელსმანს ამ ფაქტზე არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, შოტლანდიის ნაკრებზე ილაპარაკა ბევრი:
„ასეთი დონის ტურნირის გახსნითი მატჩის საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჩატარება ყოველთვის ძნელია. თუმცა ჩემმა გუნდმა ყოველგვარ წნეხს გაუძლო. დიდ აგრესიას ველოდით შოტლანდიის ნაკრებისგან, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მატჩის დასაწყისში ეს არ მოხდა. ამასობაში გოლებიც გავიტანეთ და ფსიქოლოგიური უპირატესობა მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაგვიშვია.
მიხარია, რომ, მიუხედავად დიდი სხვაობით დაწინაურებისა, ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და შეტევაზე ფიქრობდნენ“.