„ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან ბრინჯის, წიწიბურას, გარკვეული კატეგორიის ფქვილისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი 30 ივნისამდე შეიზღუდა
კორონავირუსის გავრცელების გამო „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან გარკვეული სურსათის გატანა შეიზღუდა. გადაწყვეტილება ძალაში 12 აპრილიდან შევიდა.
შეზღუდვა შეეხება ხახვს, ნიორს, ჭვავს, ბრინჯს, წიწიბურას, სოიოს, ასევე გარკვეული კატეგორიის ფქვილს, წიწიბურისგან მომზადებულ მზა საკვებს და მზესუმზირის მარცვლებს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი 30 ივნისამდე შეიზღუდება.
როგორც „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეს შეზღუდვა „სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების დროს ჩამონათვალში მოცემული სურსათით მოსახლეობის შეუფერხებლად მომარაგებას უზრუნველყოფს“.
ამავე დროს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა პროდუქციის დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, ურთიერთდახმარების შესაძლებლობის საკითხსაც შეისწავლიან.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი.