ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის რუსეთსა და უკრაინაში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, ჩინელი დიპლომატი ვიზიტს 15 მაისს დაიწყებს და ტურნეს ფარგლებში ჩავა უკრაინაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთის წარმომადგენლების ვიზიტი აღნიშნულ ქვეყნებში წარმოადგენს იმის კიდევ ერთ დადასტურებას, რომ ჩინეთი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს და ადასტურებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს.
ჩინელი დიპლომატი ლი ჰუი 2009-2019 წლებში იყო რუსეთში ჩინეთის ელჩი.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსა და ურაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს რუსეთის მერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერების პირველი საუბარი იყო.