„ევექსი“ - თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადმოყვანილი ყველა პაციენტი დღეს გაწერეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ევექსის“ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ყველა პაციენტი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, – ამის შესახებ პირველ არხს „ევექსის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„კლინიკაში 2 ივლისს მოიყვანეს შვიდი ადამიანი, აქედან სამს აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნები – ღებინება, გონების დაბინდვა, თვალისა და პირის ლორწოს გაღიზიანება და გამონაყარი. დანარჩენები რადგან შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, უბრალოდ გამოსაკვლევად მოვიდნენ და არანაირი მოწამვლის ნიშნები არ ჰქონდათ. ყველა პაციენტი დღეს გაწერეს“, – აცხადებენ კლინიკაში.
რაც შეეხება ინგოროყვას კლინიკაში მიყვანილ ერთ პაციენტს, რომელსაც ასევე ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
როგორც ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დღეს მიმართა, ის კლინიკაში ერთი ღამით დარჩება, ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება და ხვალ უკვე გაწერენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში დღეს მისული პაციენტი 2 ივლისს აეროპორტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და სამედიცინო დაწესებულებას დღეს მიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“, – განაცხადეს სუს-ში.