ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას მრევლის გარეშე ჩაატარებს
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას საღამოს მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩაატარებს. როგორც ეკლესიაში აცხადებენ, მსახურებაში რამდენიმე სასულიერო პირი მიიღებს მონაწილეობას.
„ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ეს საფრთხე გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში მარტის თვის დასაწყისიდან და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთივე წესით ღვთისმსახურებას ვიდრე არ ამოიწურება საფრთხე ამ ეპიდემიისა და საფრთხე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისა ამ ეპიდემიის მიერ“ , – განაცხადა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელმა მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა.
მალხაზ სონღულაშვილი საქართველოს პირველი არხით აღდგომის დღესასწაულს ულოცავს მრევლს.
„გვინდა, სულითა და გულით მივულოცოთ აღდგომის დღესასწაული ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ზეიმობს, ვისაც ეზეიმება და ვისაც არ ეზეიმება – მართმადიდებლებს, სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებს, რომლებიც ამჟამად ზეიმობენ აღდგომის დღესასწაულს. აღდგომა არის იმედის დღესასწაული და ალბათ ეს ყველაზე მეტად გვჭიrდება დღეს, როდესაც სასოწარკვეთილობის, უიმედობის განცდა არის გამეფებული მთელს მსოფლიოში. ამდენად, შეძახილი „ქრისტე აღსდგა!“ და დასტური მასზე „ჭეშმარიტად!“ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ იმედს ვუერთდებით. სიძულვილი ვერ დაძლევს სიყვარულს, ბნელი ვერ დაძლევს სინათლეს, უიკედობა ვერ დაძლევს იმედს და სწორედ ამიტომ არის, რომ ეს დღესასწაული ასეთი მნიშვნელოვანია ახლა ყველასთვის და როცა ვამბობ ყველასთვის, მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ყველა ადამიანს ვინც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელია ან არანაირი რელიგიას არ წარმოადგენს, ვისაც სჭირდება იმედი, რომ ჩვენ თავი გავიტანოთ ამ მძიმე ეპოქაში, რომელიც გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის!“ – აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი.