ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას.
„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ხაზი გაუსვეს ეუთო-ს, გაერო-ს და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიებში. აღინიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
აღინიშნა რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი მომავალ კვირას არის დაგეგმილი.