დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, ლიბიაში საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება
დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, ლიბიაში საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ლიბიაში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადა, სადაც უკვე გათავისუფლებულ ერთ მეზღვაურთან ნუკრი ხოხბასთან შეხვედრა მოეწყო.

„შევხვდით დაბრუნებულ მეზღვაურს, რათა უშუალოდ მისგან მიგვეღო ინფორმაცია იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი სტრატეგია შეგვემუშავებინა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რა მძიმე მდგომარეობაა ლიბიაში. ჩვენ ვგეგმავთ საგარეო უწყებისა და საზღვაო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს ლიბიაში, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა“-განაცხადა საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შეხვედრაზე დაბრუნებულმა მეზღვაურმა დეტალურად გაიხსენა, ლიბიაში დაკავების მომენტი და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ნუკრი ხოხბა აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქართველი მეზღვაურები ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აუცილებელია.

„ამ დროისთვის ციხეში ნორმალური სიტუაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობას ვეტყვი გაწეული საქმიანობისთვის, ოღონდ აუცილებელია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლება გაიწელება“. -განაცხადა ჟურნალისტებთან ნუკრი ხოხბამ.

ლიბიის ციხეში ამ დროისთვის კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.