ეუთო-ს გენერალური მდივანი პანდემიის ფონზე შესაძლო ტრანსნაციონალურ საფრთხეებზე საუბრობს
კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ეუთო კორუფციის ზრდის საშიშროებაზე საუბრობს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე მთავრობები დახმარების პაკეტის სახით მილიარდობით დოლარის და ევროს დახარჯვას გეგმავენ, ხელისუფლების გადატვირთულობის დროს, კორუფციის რისკები იზრდება.
„ჩვენ ვეჭვობთ, რომ მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეტ კორუფციას დავინახავთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დიდი სახსრები ეკონომიკის აღორძინებისთვის იქნება გამოყენებული. კორონავირუსის კრიზისით გამოწვეულ სისტემურ სისუსტეებთან კრიმინალები სწრაფად ადაპტირდებიან“, – განუცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა ავსტრიის ახალი ამბების სააგენტო „აპას“ (APA).
შვეიცარიელმა დიპლომატმა განმარტა, რომ ევროპის შიდა საზღვრებზე სასაზღვრო შემოწმებების შემოღების გამო, სავარაუდოდ ასევე მოსალოდნელია ადამიანების ტრეფიკინგის გაზრდა.
ამასთან, გრემინგერმა თქვა, რომ პანდემიამ, როგორც ჩანს, გააძლიერა ტენდენციები „ზედმეტი ეროვნული რეფლექსებისა და ცალმხრივი იზოლაციონისტური მიდგომებისკენ“.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ იმედოვნებს, უფრო მეტ თანამშრომლობას ეუთო-ს ქვეყნებს შორის, რაც ერთადერთი გზაა „ასეთ ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად“.