ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ედი რამა და ტომას გრემინგერი აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ალბანეთის პრემიერ-მინისტრისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მთავრობის მეთაურის, ასევე ეუთო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ერთობლივ განცხადებაში ედი რამა და ტომას გრემინგერი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით 9 დეკემბერს ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შემდეგ.
„უკანასკნელი ინციდენტი აღმოფხვრილი არ არის. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა მინსკის შეთანხმების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებებისა და ორი თვის წინ პარიზში შეთანხმებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების მიუხედავად. ეს კი, საზარელ და განგრძობად გავლენას ახდენს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე. უმნიშვნელოვანესია, დაინტერესებულმა მხარეებმა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტა რეალობა გახდეს“, – განაცხადა ედი რამამ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ალბანეთი აქტიურად იმუშავებს.
ამის პარალელურად, უთო-ს გენერალურმა მდივანმა, ტომას გრემინგერმა მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, უკანასკნელ თვეებში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, რაც არ უნდა დაიკარგოს.