ეთიოპიაში ლეგენდარული აქსუმის იმპერიის უძველესი დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს
ეთიოპიაში მიმდინარე გათხრებისას აღმოჩენილია დაკარგული ქალაქი, რომელიც ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი დიდ ცივილიზაციას ეკუთვნის.
დიდების ზენიტში, ახ. წ. I-VIII საუკუნეებში, აფრიკული აქსუმის სამეფო დიდ პრობლემებს წააწყდა. მდებარეობდა წითელი ზღვის სამხრეთ კიდესთან და მოიცავდა თანამედროვე ეთიოპიის, ერითრეის, ჯიბუტისა და სომალის ტერიტორიებს. ეს აყვავებული და კომპლექსური საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რომის იმპერიასა და ძველ ინდოეთს შორის მიმდინარე ვაჭრობაში.
ის პირველი სუბსაჰარული აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელიც ჭრიდა საკუთარ ფულს და ასევე პირველმა მიიღო ქრისტიანობა; თუმცა, მის შესახებ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით.
ახლახან, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აქსუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი — საქმიანი სავაჭრო და რელიგიური ცენტრი, რომელიც გაშენებული იყო დედაქალაქ აქსუმსა და წითელ ზღვას შორის, იეჰას რეგიონში.
ამ დასახლებას კი ბეტა-სამატი ერქვა, რაც ადგილობრივ ტიგრინიას ენაზე „საზოგადოების სახლს“ ნიშნავს; მისმა ნანგრევებმა შეიძლება ფარდა ახადოს მრავალ საიდუმლოს ძველი აფრიკული იმპერიის აღზევებისა და დაცემის შესახებ.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის არქეოლოგ მაიკლ ჰაროვერის განცხადებით, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უძველესი ცივილიზაცია იყო, მაგრამ დასავლური ცივილიზაციები მას არ იცნობდნენ. მისივე თქმით, ეგვიპტისა და სუდანის შემდეგ, ის აფრიკის უძველესი და უმთავრესი ცივილიზაცია იყო.
1970-იან წლებში, იეჰას რეგიონის სიახლოვეს აქსუმის ცივილიზაციის რამდენიმე მნიშნელოვანი ძეგლი აღმოაჩინეს, მაგრამ იქაურობა მაინც შეუსწავლელი რჩებოდა.
2011 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არქეოლოგებს მიმდებარე ბორცვებში სხვადასხვა აღმოჩენების შესახებ ამცნეს. საბოლოოდ, მკვლევრებმა იქ ბეტა-სამატის უძველესი დასახლება აღმოაჩინეს, ზედაპირიდან სამი მეტრის სიღრმეში.
მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა ამ ძეგლის უფრო მეტი კვლევა, პირველადი შედეგები უკვე ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ ზოგად წარმოდგენას ამ უძველესი იმპერიის შესახებ. მიჩნეული იყო, რომ აქსუმიტების ცივილიზაციამდე, ამ რეგიონის საზოგადოებები კოლაფსირდნენ და მათგან მხოლოდ რამდენიმე სასოფლო დასახლებაღა შემორჩა.
თუმცა, არქეოლოგები ახლა უკვე ფიქრობენ, რომ გაცილებით დიდი უწყვეტობა იყო აქსუმიტებამდელ და აქსუმიტების მმართველობებს შორის.
როგორც ისინი კვლევაში წერენ, გათხრებმა აჩვენა, რომ ბეტა-სამატი იყო ვრცელი, მჭიდრო დასახლებაიეჰადან 6,5 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით და წარმოადგენდა სუბსაჰარული აფრიკის ადრეული (აქსუმიტებამდელი) კომპლექსური სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრს.
„გათხრებმა ასევე წარმოაჩინა, რომ აქსუმიტებამდელი პერიოდის შემდეგ, იეჰას რეგიონი საზოგადოებებს არ მიუტოვებიათ და ბეტა-სამატი ფუნქციონირებას განაგრძობდა როგორც უმთავრესი კვანძი იმ სააჭრო გზებს შორის, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირეთს უძველეს ქალაქ ადულისთან და აქსუმთან აკავშირებდა აქსუმიტების კლასიკურ, შუა და გვიანდელ პერიოდებში“, — წერია კვლევაში.
2011-2016 წლებში მიმდინარე გათხრების შედეგები ახლახან გამოქვეყნდა და მიუთითებს, რომ ეს უძველესი ქალაქი დაახლოებით 1400 წლის განმავლობაში არსებობდა და გადამწყვეტ როლს თამაშობდა რეგიონის სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურაში.
ქვის კედლებს შორის, არქეოლოგებმა იპოვეს ქვის რამდენიმე შენობა, მონეტები, წარწერები, ოქროს ინტალიო (ჩაღრმავებულად ამოკვეთილი გამოსახულება) ბეჭედი, რომელსაც აშკარად ეტყობა რომაული გავლენა, და ბაზილიკა, რომელიც როგორც რადიონახშირბადული დათარიღებით ირკვევა, მე-4 საუკუნეშია აგებული.
შენობის გეგმარება ჰგავს აქსუმის ცივილიზაციის შუა და გვიანდელი პერიოდის სხვა ბაზილიკებისას, თუმცა რამდენიმე ასპექტი მის უფრო ადრეულობაზე მიუთითებს. შენობის შიგნით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რიტუალების, ადმინისტრაციის, საერთაშორისო ვაჭრობისა და მაღალი ხარისხის საკვების მტკიცებულებები.
ბაზილიკაში ასევე იპოვეს საქონლისა და ხარის რამდენიმე სტატუეტი, რაც საკმაოდ უჩვეულოა და მიუთითებს პაგანური და ადრეული ქრისტიანული ტრადიციების შერევაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი ალბათ არის შავი ქვის ყელსაბამი, რომელზეც ამოკვეთილია ქრისტიანული ჯვარი და დევიზი „პატივსაცემი“, რომელიც შესრულებულია უძველესი ეთიოპიური დამწერლობით, სწორედ იმ ანბანით, რომელსაც დღემდე იყენებენ. ყელსაბამს სავარაუდოდ მღვდელი ატარებდა.
ცივილიზაციის დიდების დასასრულს, რეგიონში ისლამი გავრცელდა. Ახ. Წ. 615 წელს აქსუმის მეფემ თავშესაფარი მისცა ადრეულ მუსლიმებს; ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ცივილიზაციის დასუსტება ისლამური დაპყრობებისა და მათ მიერ წითელი ზღვის გასწვრივ გამავალ სავაჭრო გზებზე კონტროლის დამყარებამ განაპირობა.
კვლევები გრძელდება და როგორც ავტორები აცხადებენ, წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა გველოდება.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.