ესტუმრეთ შორეულ ეგზოპლანეტებს - NASA-ს ახალი ვიზუალური ხელსაწყო
ესტუმრეთ შორეულ ეგზოპლანეტებს - NASA-ს ახალი ვიზუალური ხელსაწყო

უცხო პლანეტების მოსანახულებლად სულაც არ გჭირდებათ კოსმოსური ხომალდი.

NASA-ს 360-გრადუსიანი ვიზუალიზაციის ხელსაწყო მრავალი ეგზოპლანეტის ზედაპირზე წაგიყვანთ, მათ შორის TRAPPIST-1d-ზე, კეპლერ 186f-ზე და ა. შ.

შეგიძლიათ ირგვლივ მიმოიხედოთ, დატკბეთ თვალწარმტაცი ლანდშაფტითა და უცნაური ცით. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ გარკვეული პლანეტარული ინჟინერიაც გასწიოთ, მაგალითად, მოაცილოთ ან დაამატოთ ატმოსფერო და დააკვირდეთ, როგორ შეიცვლება გარემო.

როგორც ხელსაწყოს აღწერაში ვკითხულობთ, ყველაფერი წარმოსახვითია, რადგან უახლოესი ეგზოპლანეტებიც კი დედამიწიდან მაინც იმდენად შორსაა, რომ შეუძლებელია მათი რომელიმე დეტალის ფირზე აღბეჭდვა. პლანეტა კეპლერ 186f ჩვენგან 492 სინათლის წლითაა დაშორებული და ამ დრომდე უცნობია მისი ზოგიერთი უმთავრესი მახასიათებელიც კი.

„გამომდინარე იქიდან, რომ კეპლერ 186f და კეპლერის მიერ აღმოჩენილ პლანეტათა უმეტესობა ძალიან შორს არის, ამჟამად შეუძლებელია მათი ატმოსფეროს დაფიქსირება ან სხვადასხვა ატმოსფერულ მახასიათებელთა განსაზღვრა“, — ამბობს NASA-ს ახლახან გაშვებული მისია TESS-ის სამეცნიერო პროგრამის წევრი მარტი სთილი.

მისი თქმით, მართალია, შეზღუდულია ჩვენი ცოდნა ამ შორეულ პლანეტათა იერსახესთან დაკავშირებით, მაგრამ მათი ზედაპირების ვიზუალიზაცია შესაძლო ვარიანტების წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს.

NASA-ს ამჟამინდელი და სამომავლო მისიები, მათ შორის TESS-ი და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, მზის სისტემის უახლოეს მეზობელ ეგზოპლანეტებს მოძებნის და შეისწავლის მათ ატმოსფეროებს, რითაც ამოივსება ნაპრალი სპეკულაციებსა და რეალობას შორის.

აპრილში გაშვებული მისია TESS-ი კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, კეპლერმა უკვე აღმოაჩინა 3700 ეგზოპლანეტა. თუმცა კეპლერისგან განსხვავებით, TESS-ის მთავარი სამიზნე მზის სისტემის სამეზობლოს ვარსკვლავები იქნება. მის მიერ აღმოჩენილ ყველაზე საინტერესო კანდიდატებს შემდეგში დეტალურად შეისწავლის NASA-ს ახალი, 8,8 $ მილიარდად ღირებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2020 წელს გაეშვება.

NASA-ს ვიზუალიზაციის ხელსაწყო გადმოსაწერად ასევე გთავაზობთ ეგზოპლანეტათა პოსტერებს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით