ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელის, კარლოს მაზონის განცხადებით, უკვე ნაპოვნია რამდენიმე ცხედარი, თუმცა კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.

მისი თქმით, დამატებითი დეტალების გამჟღავნება ნათესავების ინფორმირებამდე ვერ მოხერხდება.

ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთით მდებარე რეგიონებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, შედეგად, დაიტბორა ქუჩები, შეჩერებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.

ესპანური მედიის ცნობით, ზოგიერთ რაიონში ერთ დღეში თვის ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა.

„ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო სიტუაციას, რომლის მსგავსი არავის ახსოვს“, – აღნიშნა მაზონმა.

მთავრობამ ვალენსიაში ადგილობრივი საგანგებო სამსახურების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციების სპეციალიზებული სამხედრო დანაყოფი გაგზავნა.

სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ წვიმები, სულ მცირე, ხუთშაბათამდე გაგრძელდება.