ესპანეთში საქართველოს საელჩომ გამოფენა-კონკურსის გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით გამართული გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში მონაწილეობდნენ ქართველი ემიგრანტი ბავშვები ბარსელონიდან, მადრიდიდან, ბილბაოდან, ვიტორიიდან, ვალენსიიდან, მალაგიდან, ალიკანტედან, ბურგოსიდან, არნედოდან და ესპანეთის სხვა ქალაქებიდან.
ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილი 109 ნამუშევრიდან გამარჯვებულებად დასახელდნენ ცხრა წლის ანასტასია ჩაჩხიანი ბარსელონადან, შვიდი წლის სანდრო გრიგოლია ბარსელონიდან, რვა წლის ბარბარე რურუა ბურგოსიდან. განსაკუთრებული ჯილდოთი აღინიშნა მადრიდის ალკობენდას საკვირაო სკოლის მოსწავლის, რვა წლის ლუკა ავალიშვილის ნახატი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ დაჯილდოების ცერემონიალზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ესპანეთში მოღვაწე ქართული ეკლესიების წინამძღვრებს, ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებულ „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის საკვირაო სკოლას, მადრიდისა და ალკობენდას საკვირაო სკოლებს, „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ასოციაციასთან არსებულ ალიკანტეს საკვირაო სკოლას, კულტურულ, სოციალურ და შემოქმედებით ასოციაციას „საქართველო ბურგოსში“, ვიტორიისა და არნედოს საკვირაო სკოლებს, ასევე არნედოს ასოციაციას „საქართველოს შვილები რიოხაში“, დიასპორულ ორგანიზაციებს კონკურსის ჩატარებაში ხელშეწყობისათვის.