ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელი კარლოს მაზოსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, რადგან სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ნიაღვარმა ხიდები და მანქანები წაიღო, საგანგებო სამსახურები დაკარგულების მოსაძებნად დრონებს იყენებენ. მაშველები ზოგიერთ რაიონებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვალენსიაში ათობით ადამიანმა დახმარების მოლოდინში ღამე სატვირთო მანქანებსა და მსუბუქ ავტომობილებში, ასევე სახურავებზე გაატარეს.
ვალენსიაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული, ხოლო ანდალუსიის ნაწილში განგაშის მეორე დონე მოქმედებს.
წყალდიდობამ ტრანსპორტის მიმოსვლა შეაფერხა. ვალენსიის რეგიონში შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა 10 ავიარეისი, 12 რეისი კი სხვა ქალაქში გადამისამართდა.
ვალენსიის მერიის განცხადებით, დღეს ქალაქში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გაუქმებულია სპორტული ღონისძიებები.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიჰყვნენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მგზავრობას მოერიდონ.