ესპანეთში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო
ესპანეთში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. ამჟამად ქვეყანაში ინფექციური დაავადების 280 აქტიური კლასტერია აღრიცხული. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ეს შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას, დავადგინოთ რა ზომების მიღებაა აუცილებელი და ეს ზომები დროულად მივიღოთ“, – განაცხადეს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო სამ კვირაში ვირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა, რაც ნიშნავს, რომ „ვირუსის ტალღა აღმავალია“.

ბოლო 14 დღეში მხოლოდ კატალონიაში „კოვიდ-19“-ის 8000 შემთხვევა აღრიცხეს. ამის გამო კატალონიის ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ბარსელონას მოქალაქეებს, საჭიროების გარეშე სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

მადრიდში ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ მოქალაქეთა ერთად შეკრებაზე შეზღუდვის დაწესება კვლავ განიხილება.