ესპანეთში 18 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ხუთი მამაკაცისთვის გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს
ესპანეთის ქალაქ პამპლონაში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა 18 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული 5 მამაკაცისთვის გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს. სასამართლომ მათ სექსუალური ძალადობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პამპლონას ქუჩებში გამოსულ აქტივისტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „ეს სექსუალური ძალადობა არ არის, ეს გაუპატიურებაა“. მომიტინგეები ბრალდებულებისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ. მსვლელობაში ათასობით ქალი მონაწილეობდა.
ისინი ბრალდებულებისთვის განაჩენის გამომტანი მოსამართლეების გადაყენებას ითხოვდნენ.
5-მა მამაკაცმა 18 წლის ქალი პამპლონაში ფესტივალის მიმდინარეობისას შარშან გააუპატიურა. მათ ძალადობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს. დანაშაულს ესპანეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სასამართლო ბრალდებულთა მიმართ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ესაპანეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, მადრიდსა და ბარსელონაშიც გაიმართა.