ესპანეთსა და საფრანგეთში კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით ღამეს ქუჩაში ათენებენ
ბარსელონასა და ამიენსში საქართველოს კონსულებმა საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბარსელონაში საქართველოს კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა ესპანურ მხარესთან ერთობლივი თანამშრომლობით თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მოინახულა, რომლებიც ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კონსულმა და ესპანურმა საემიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ თავშესაფრის მიღებაზე მათი მოთხოვნა ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს არის მოკლებული და ურჩიეს, დაუყონებლივ დაბრუნდნენ სამშობლოში. ესპანურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს გააცნო ესპანეთის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია მცირეწლოვანი ბავშვების ქუჩაში ყოფნა, რის გამოც, ესპანეთის შესაბამისი სამსახურები იძულებულნი იქნებიან, ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.
„საქართველოს კონსულმა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის და ზოგადად თავშესაფრის მოთხოვნის წესების ბოროტად სარგებლობის დაუშვებლობას და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ხშირად არასათანადო ინფორმირებულობისა და ასევე, მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციების და დაპირებების შედეგად ტოვებენ საქართველოს და ევროკავშირის-შენგენის ზონაში ითხოვენ თავშესაფარს, რაც ევროკავშირის-შენგენის წევრი სახელმწიფოების მხრიდან არ კმაყოფილდება, რადგან საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, არ ხდება მისი პოლიტიკურად თუ სხვა ნიშნით დევნა და შევიწროება. თავშესაფრის მაძიებელი ადგილზე ჩასული საქართველოს მოქალაქეები კი მძიმე სოციალურ პირობებში ვარდებიან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ესპანეთში გამომგზავრებამდე ისინი დაეყრდნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთის ქალაქ ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ასევე ღამეს ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომლის შესახებაც უკვე დაიწერა ფრანგულ პრესაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოქალაქეები მოინახულა საფრანგეთში საქართველოს კონსულმა რუსუდან დიდებულიძემ და კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოში დაბრუნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის-შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადება არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე, რადგან საქართველო ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მხრიდან მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყანად, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეები საკუთარი და თავიანთი შვილების მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული ჯგუფებს შეცდომაში შეყავთ მოქალაქეები და ევროკავშირის-შენგენის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების შესახებ, რის გამოც, დაზარალდა საქართველოს არაერთი მოქალაქე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან უვიზო მიმოსვლის წესები“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის, საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზის მეშვეობით.