უნგრეთში აცხადებენ, რომ ვეტოს გამოიყენებენ ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლის საკითხზე, თუ ბულგარეთი რუსულ გაზზე ტრანზიტის გადასახადს არ გააუქმებს
უნგრეთში აცხადებენ, რომ ვეტოს გამოიყენებენ ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლის საკითხზე, თუ ბულგარეთი რუსულ გაზზე ტრანზიტის გადასახადს არ გააუქმებს

უნგრეთი ვეტოს დაადებს ბულგარეთის შენგენის ზონაში შეყვანას, თუ ისინი არ გააუქმებენ ტრანზიტის გადასახადს რუსულ გაზზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, უნგრეთმა ამის შესახებ გარკვევით აცნობა ბულგარეთს.

„ჩვენ ნათლად განვუცხადეთ ბულგარეთს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან უნგრეთის ენერგომომარაგებას, მაშინ ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შენგენის ზონაში შეყვანას“, – ამბობს სიიარტო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი სატრანზიტო გადასახადი გაუქმდება, იმ შემთხვევაში ისინი ვეტოს მოხსნიან.

2021 წელს რუსეთთან დადებული შეთანხმების შედეგად უნგრეთი ყოველწლიურად 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს რუსეთიდან, რომელიც ბულგარეთის და სერბეთის გავლით შედის უნგრეთში.