ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს
ცხოვრებაში პოლიტიკის გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს, ჩემი გეგმაა, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა. ამის შესახებ ესპანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე უკვე 40 წელია ჩართული ვარ პოლიტიკურ ცხოვრებაში. უფრო მეტ ხანს დარჩენას აზრი არ აქვს. ჩემი გეგმაა, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა. პოლიტიკის გარდა, ცხოვრებაში სხვა რაღაცებიც არსებობს“, – აღნიშნა მარიანო რახოიმ.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე შემცვლელს არ აირჩევენ. ამასთან, ინტევრიუში, მარიანო რახოის არცერთი პრეტენდენტისთვის ღიად არ დაუჭერია მხარი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ პარტიაში განხეთქილება არ იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ „სახალხო პარტიის“ ყრილობის შედეგად პარტია ერთიანი იყოს. მთელი ამ წლების განმავლობაში პარტია რთულ საგანგებო გარემოებებში ერთიანობას ინარჩუნებდა“, – განაცხადა მარიანო რახოიმ.
პირველ ივნისს ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მარიანო რახოის პარტიას უნდობლობა გამოუცხადა. ინიციატივა ესპანეთის „სოციალისტურ პარტიას“ ეკუთვნოდა, რომლის გენერალური მდივანი პედრო სანჩესი ესპანეთის ახალი პრემიერი გახდა.
მარიანო რახოი ესპანეთის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.