ესპანეთის პრემიერი - მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მხოლოდ ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორიდან მთავარ საფრთხედ იქცა.
„სიენენის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ გავიხედავთ უკან 2010 წლისკენ, როდესაც ლისაბონში ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია იქნა მიღებული მომავალი ათწლეულისთვის, მასში ნათქვამია, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. ახლა, ამის საპირისპიროდ, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც მთავარი საფრთხე მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
როგორც „სიენენი“ წერს, სამიტზე მისულმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გაიხსენა, რომ ლისაბონის სამიტზე რუსეთი მონაწილეობდა შეხვედრებში.
„ახლა ასე არ იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ის მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები მადრიდში შეთანხმდებიან, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნატო-ს უსაფრთხოებას და ეს ასახული იქნება ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში.