ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას ითხოვს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. წესების გამკაცრებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე პედრო სანჩესმა ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
სანჩესი ინიციატივით გამოვიდა, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.
„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მედიის დაფინანსების წყაროები, მათი აქციონერების სახელები და აუდიტორიის რიცხვი, რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა სარეკლამო ინვესტიციებში. ხარისხიანი, თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის წყაროების გარეშე მოქალაქეები დაბრმავებული არიან“, – განაცხადა სანჩესმა.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, წესები შეეხება ყველა მედიას და შესაბამისობაში იქნება ესპანეთში მარტში დამტკიცებულ მედიის თავისუფლების ევროპულ აქტთან, რომელიც მიზნად ისახავს მედიის რეგულირებას, მაგრამ ასევე დაიცავს ჟურნალისტებს წყაროების გამჟღავნების იძულებისგან.
ესპანეთის პრემიერის ინიციატივა გააკრიტიკა ქვეყნის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ და კრიტიკული მედიის ცენზურის მცდელობა უწოდა.
„ეს კანონპროექტი არის ცენზურის კანონი. სანჩესი ახლა ცდილობს, გააკონტროლოს კრიტიკული მედია. დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნულია კონსერვატიული სახალხო პარტიის განცხადებაში.