ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიაში ჩავიდა. ეს მარიანო რახოის პირველი ვიზიტია ბარსელონაში, მას შემდეგ რაც მადრიდმა რეგიონის ავტონომიის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ესპანეთის მთავრობის მეთაური მხარდამჭერებს შეხვდა და 21 დეკემბერს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებზე „სახალხო პარტიის“ კანდიდატები წარადგინა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა მთავრობის პოზიცია და განაცხადა, რომ კატალონიელმა სეპარატისტებმა მას სხვა გზა არ დაუტოვეს, თუ არა დროებით შეზღუდოს ავტონომია. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ კატალონიაში „სეპარატისტული ქაოსი უნდა დასრულდეს“.
კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებისა და „დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ მიღების შემდეგ მადრიდმა ავტონომიის პარლამენტი დაითხოვა, ხოლო მთავრობა გადააყენა. ვადამდელი არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება.