ესპანეთის ოპოზიცია მთავრობაში აგორებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ესპანეთის მემარჯვენე ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვს, ამის მიზეზად სანჩესის მთავრობის ყოფილი წევრისა და ახლო მოკავშირის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ცნობები დასახელდა.
კონსერვატიულ სახალხო პარტიაში განაცხადეს, რომ სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ.
ამას წინ უძღოდა მედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სანჩესის ნდობით აღჭურვილი პირი და ყოფილი განვითარების მინისტრი ხოსე ლუის აბალოსი კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს პირბადეების შესყიდვას უკავშირდება.
„ჩვენ მოვუწოდებთ პედრო სანჩესს, გადადგეს, მას აღარ შეუძლია ერთი წუთითაც კი დარჩეს ესპანეთის მთავრობის სათავეში“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა კუკა გამარამ.
გამარას თქმით, „გამოვლენილი დეტალები“ მიუთითებს „სისტემურ კორუფციაზე, რომელსაც სათავეში პედრო სანჩესი უდგას“.
აბალოსი სოციალისტური პარტიიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან უარი თქვა გადადგომაზე, როდესაც თებერვალში ის კორუფციაში დაადანაშაულეს. მას ჯერ არ ოფიციალურად ბრალი არ წაუყენეს.
ცნობისთვის, მანამდე გავლენით ვაჭრობისა და კორუფციის ბრალდება წაუყენეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს. ბრალდების მიხედვით, სანჩესის მეუღლემ ხელი შეუწყო რამდენიმე კომპანიას, რომლებთანაც თანამშრომლობდა, რათა მათ მთავრობისგან სუბსიდიები მიეღოთ.
ამ კორუფციული სკანდალის ფონზე, პედრო სანჩესმა გადადგომაზეც კი იფიქრა, მაგრამ საბოლოოდ 29 აპრილს ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება.